მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი გადაიდო
თუ ოპოზიცია პარლამენტში მაინც არ შევა უმრავლესობა საგამოძიებო კომისიას ვერ შექმნის. ოპონენტების მზადყოფნის შემთხვევაში კი მმართველი პარტია მზად არის დეპუტატებმა საპარლამენტო არჩევნები შეისწავლონ. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ თუნდაც 1 პროცენტიანი გადახრის დადასტურების შემთხვევაში კი უმრავლესობა რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს. მმართველი გუნდი ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის ფორმატში სხვა საქმეების განხილვასაც სთავაზობს. მეათე მოწვევის პარლამენტი უზრუნველყოფს იმასაც, რომ დაფინანსება ვერ მიიღონ იმ სუბიექტებმა, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან. სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიტიკური დიალოგის პროცესი შეჩერებულია, დღეს დაგეგმილი მეხუთე რაუნდი გადაიდო. მოლაპარაკების შედეგს ამ ეტაპზე მხოლოდ „მოქალაქეები“ უცდიან. დანარჩენი ბარიერგადალახული სუბიექტები პარტიულ სიებს აუქმებენ, თუმცა მათი დეპუტატობა ამით ვერ დასრულდება. ჯერ არ ვიცით, ძალაშია თუ არა ოპოზიციის მიერ პარლამენტის სხდომის პარალელურად, მეტეხის ეზოში დაგეგმილი შეკრება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
