ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს წერილობით მიმართავს
ელისო ბოლქვაძე ზვიად ძიძიგურს წერილობით მიმართავს. „ქართული ოცნების“ ახალ წევრს ყოფილისგან აინტერესებს, რამ გამოიწვია მისი დამოკიდებულებების ცვლილება იმ პარტიის და ადამიანის მიმართ, ვის გვერდითაც რვა წლის განმავლობაში იდგა და იბრძოდა. ელისო ბოლქვაძე ძიძიგურის მიერ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მედიით გავრცელებულ ანალიზს გულისხმობს. მის მიმართ პატივისცემას ადასტურებს და გაკვირვებას გამოხატავს, რომ ამ შემთხვევაში ძიძიგურმა ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის პათოსი და სტერეოტიპები გაიზიარა, მთავარ დამნაშავედ კი სხვების მსგავსად ბიძინა ივანიშვილი წარმოაჩინა. ბოლქვაძე იმედოვნებს, რომ ძიძიგური ჯერ კიდევ არ უკარგავს ივანიშვილს ქართველ ხალხთან ერთად გამორჩეულ წვლილს 2012 წელს ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულებაში. სწორედ ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ყოფილ დეპუტატს მოუწოდებს- ზოგადი კრიტიკის ნაცვლად კონკრეტულად და წერილობით განმარტოს- რა ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“.
