„ახლავე უნდა მივიწვიოთ საქართველო ნატოში“- ეს განცხადება ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ ბენ ჰოჯესმა გააკეთა
„ახლავე უნდა მივიწვიოთ საქართველო ნატოში“- ეს განცხადება ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ ბენ ჰოჯესმა გააკეთა. საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და შავი ზღვის რეგიონში ამერიკული სტრატეგიის განვითარებაზე მან ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეო-ქეისის მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს ისაუბრა. გენერალ ჰოჯესმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკაც და ნატოც უფრო მეტად უნდა აქცევდნენ ყურადღებას ამ რეგიონს. ბენ ჰოჯესმა ჩამოთვალა ის ნაბიჯებიც, რომლებიც ვაშინგტონმა უნდა გადადგას საქართველოს მხარდასაჭერად. გენერლის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ყველა გამოწვევაში უნდა დაუდგეს გვერდით, მათ შორის კრემლის წინაშეც. ბენ ჰოჯესმა ასევე განაცხადა, რომ უმჯობესია საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად აიმაღლონ ხმა, აამაღლონ მათ შესახებ ცნობიერება ვაშინგტონში და გახადონ თავიანთი სახელმწიფოები უფრო მიმზიდველი ინვესტიციებისთვის. გენერალმა ასევე ისაუბრა უფრო მეტი და მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარების აუცილებლობასა და საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებაზე.
