ასლან ვაშაყმაძე დაკავებულია
ასლან ვაშაყმაძე, რომელიც ორი დღის წინ სოციალური ქსელით პოლიციელებს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა, დაკავებულია. ის ახლა ფოთის პოლიციაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, ძალადობრივი ვიდეოს ავტორს, უწყების გადასაცემად და მოწმის სტატუსით პოლიციაში დასაბარებლად, გუშინ სამართალდამცველები ფოთში შეხვდნენ. ვაშაყმაძე კი თავს დაესხა ინსპექტორებს და მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. სწორედ ამას მოჰყვა მისი დაკავება. გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის მუხლით გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი ბათუმში მიმდინარე აქციების დროს მონაწილეთა დაკავებას, ფეისბუქში ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. ის სამართალდამცველებს სიცოცხლის ხელყოფით და სამაგალითოდ დასჯით დაემუქრა, მიმართვას მოწოდების ფორმა ჰქონდა. მოგვიანებით, ასლან ვაშაყმაძემ ვიდეო წაშალა და ახალი მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.
