პროკურორი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულთა უფლებადამცველებზე: დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე სამუშაო მაგიდაზე ჰქონდათ
ხაზგასასმელია დაცვის მხარის სტრატეგია და ზოგადად, საქმიანობა ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც, ბოლო პერიოდში, ე.წ. „პერფორმანსითაც“ გამოიხატა, როდესაც ადვოკატები დაჟინებით მოითხოვდნენ კონკრეტული უწყებიდან დოკუმენტს, რომელიც მათ ბრალდების მხარემ, გარკვეული პერიოდით ადრე, ისედაც გადასცა და ეს დოკუმენტი, რეალურად, მათ სამუშაო მაგიდაზე და კომპიუტერში უკვე იყო განთავსებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა. „აქ, ბუნებრივია, იბადება მოვლენათა შესაძლო ახსნის ორი ალტერნატივა: პირველი, რომ დაცვის მხარე დიდ დროს არ ხარჯავს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე, სხვა შემთხვევაში, ისინი მარტივად აღმოაჩენდნენ, რომ დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე მიღებული ჰქონდათ და ის უკვე მათ სამუშაო მაგიდაზე იყო და მეორე ვარიანტი: რეალურად, დაცვის მხარის მიზანია, ძირითად საკითხებიდან ყურადღების სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადატანა“ - განაცხადა პროკურორმა.
