ბათუმში, ფიტნეს კლუბ „რეფორმერში“ პოლიციამ დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით, ერთი მოქალაქე დააკავა
მოგვიანებით, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „რეფორმერის“ შენობაში და მის მიმდებარედ, რომელიც „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია გუშინ გვიანობამდე იყო მობილიზებული. იქ იმყოფებიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტებიც, რომლებიც ფიტნეს კლუბის ხელმძღვანელს, გიორგი ფუტკარაძეს მხარდაჭერას უცხადებდნენ. „გირჩის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ფიტნეს კლუბი საცხოვრებლად დაიქირავა და პოლიცია მის სახლში უკანონოდ შეიჭრა. ცნობისთვის, სამართალდამცველები ფიტნეს კლუბში მას შემდეგ შევიდნენ, რაც კლუბის მფლობელმა დაწესებულ შეზღუდვებზე უარი თქვა და კლუბი გუშინაც გააღო, ამჯერად როგორც ჯაფარიძის ბინა. მანამდე გიორგი ფუტკარაძე ათი ათასი ლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
