დავითგარეჯის საქმე - ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ვინაიდან უფლება აქვს, გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩატარდეს, პროკურატურაში მისვლას გამოკითხვის ეს ფორმა არჩია. „მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მირეკავს. არ წყდება ჟურნალისტების ზარები. ამიტომ, ყველას ერთად გიპასუხებთ: ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით დუმს და როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია“, - წერს ნინო კალანდაძე, რომელიც საგარეო მინისტრის მოადგილის თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იკავებდა.
