დიმიტრი ხუნდაძე: ამ ვითარებაში შეზღუდვების გამკაცრება გარდაუვალია
დიმიტრი ხუნდაძემ იმედის“ გადაცემაში „არენა“ კორონავირუსის გავრცელების მატების მიზეზების შესახებ ისაუბრა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ მოსახლეობა არსებულ რეკომენდაციებს არ იცავდა, ასევე შემთხვევების მატებას ხელს ვირუსის სეზონურობაც უწყობს, თუმცა, მისი აზრით, მთავარი ბიძგის ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას საპროტესტო აქციებმა მისცა. „რა თქმა უნდა, ფეთქებადი ბიძგი მისცა ქუჩაში ოპოზიციის მიერ მოწყობილმა აურზაურმა. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიო ემზადება შესაძლო მეორე ტალღისთვის, დარგის სპეციალისტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მთავარი იარაღი გამოვიყენოთ - ფიზიკური დისტანცირება და პირბადე, რომ არ გავრცელდეს ინფექცია და პრაქტიკულად ოპოზიციამ ეს იარაღი აყარა პირველ რიგში საკუთარ მომხრეებს და რისკის ქვეშ დააყენა მათი ჯანმრთელობა და სწორედ ეს ნაწილი გახლდათ დანარჩენი საზოგადოებისთვის საფრთხე“, - განაცხადა ხუნდაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
