თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემას დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ზეწოლასთან გამკლავება გაუჭირდება
ჯანდაცვის სისტემას დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ზეწოლასთან გამკლავება გაუჭირდება. ზოგადად, არსებობს ბევრი პარამეტრი და რთულია პირდაპირ ვთქვათ, რას გაუძლებს სისტემა და რას ვერა. როდესაც ჩვენ დღეში 4000 შემთხვევა გვაქვს, ეს უკვე არის სოლიდური რაოდენობა. რთულია ზუსტი რიცხვის დასახელება, თუ როდის ვეღარ გაუმკლავდება სისტემა, მაგრამ მოქმედება საჭიროა უკვე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდსიტუაციის მართვა იქნება ძალიან რთული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ძალიან რთულია ამ სიტუაციაში ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაცვა, მაგრამ უნდა დავიცვათ როგორც ჯანდაცვის სფეროს ინტერესები, ასევე ეკონომიკის ინტერესები, ამიტომ ისევ და ისევ მივდივართ ინდივიდუალურ დონეზე რეგულაციების აღსრულების საკითხთან. ზოგადად, მედიცინას ყველაზე მეტად უჭირს ქცევასთან დაკავშირებული დაავადებების მართვა. ამდენად, თუ თითოეული ჩვენგანი დავიცავთ რეგულაციებს, ნაკლებად დაგვჭირდება ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, ბიზნეს-აქტივობის დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა და ა.შ. შეზღუდვების ჩამონათვალი ასე თუ ისე ყველასათვის ცნობილია. ბევრი ქვეყანა იყენებს ამას სხვადასხვა ინტენსივობით, ჩვენც გვაქვს გარკვეული გამოცდილება და ვიცით, რას მოგვიტანს მობილობის შეზღუდვა ეპიდემიის კუთხით. მიმდინარეობს კონსულტაციები, აუცილებლად გასათვალისწინებელია ბიზნესის პოზიცია. ამ დღეებში უნდა ჩამოვყალიბდეთ დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე, რადგან ეკონომიკა უნდა მუშაობდეს და ესეც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სისტემას დიდი ხნის განმავლობაში ასეთ ზეწოლასთან გამკლავება გაუჭირდება. ზოგადად, არსებობს ბევრი პარამეტრი და რთულია პირდაპირ ვთქვათ, რას გაუძლებს სისტემა და რას ვერა. როდესაც ჩვენ დღეში 4000 შემთხვევა გვაქვს, ეს უკვე არის სოლიდური რაოდენობა. ზუსტი რიცხვის დასახელება, თუ როდის ვეღარ გაუმკლავდება სისტემა, მაგრამ მოქმედება საჭიროა უკვე დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდსიტუაციის მართვა იქნება ძალიან რთული“, - განაცხადა გაბუნიამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
