ხათუნა ზახაშვილი: ჩვენ ახლა ნამდვილად შევდივართ პიკში, პიკური გავრცელების ეტაპი გვაქვს
სიტუაცია უპირველეს ყოვლისა, ჩემი პირადი მოსაზრებით დაკავშირებული არის სეზონთან და ამ სეზონზე რესპირაციული ინფექციები ყოველთვის უფრო აქტიური გავრცელებით გამოირჩევა და კოვიდი ჯერჯერობით მწვავე რესპირაციულ ინფექციათა რიგში იმეორებს იმ სეზონურ ხასიათს, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის ვირუსებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. ხათუნა ზახაშვილის თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკშია შესული, რომელიც სავარაუდოდ 2 კვირამდე გაგრძელდება. „ჩვენ ახლა ნამდვილად შევდივართ პიკში, პიკური გავრცელების ეტაპი გვაქვს. ჩვენი ვარაუდით და რამდენიმე გათვლაზე დაფუძნებით, ასეთი სიტუაცია ალბათ უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ კვირა-კვირანახევარი, შეიძლება ორ კვირამდე, რის მერეც შემთხვევების კლების ტენდენცია დაიწყებს უკვე და წარმოგვიდგება ქვეყანაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე ერთიანად მოიხსნება და ასევ თქვათ ამოისუნთქებს ეს სისტემა, ვინაიდან მძიმე შემთხვევების გარკვეული ეტაპი უკვე მოგვიანებით ეტაპზეც გვეყოლება, მათ შორის იქნება ლეტალუტი გამოსავლით დასრულებული შემთხვევებით“, - განაცხადა ზახაშვილმა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 051 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.