საქართველო ლინკოლნ მიტჩელის სტატიაში
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტსა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში, ქართული დიპლომატიის მიერ მიღწეულ წარმატებებაზე წერს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიტჩელი. გამოცემა Brussels Morning-ში გამოქვეყნებულ მის ახალ სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ჩათრეული ამერიკის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, უკრაინისა და იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებიც დასავლეთში ინტეგრაციას ესწრაფვიან. ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, როდესაც 2016 წელს, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, საქართველოსთვის, ათწლეულების მანძილზე ამერიკასთან ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობები საფრთხის წინაშე დადგა, რადგან ტრამპმა აირჩია ამერიკის იზოლაციური როლი მსოფლიო პოლიტიკაში. თუმცა მიტჩელის სიტყვებით საქართველომ, შეძლო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სააგენტოებთან ურთიერთობების განმტკიცება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველო-ამერიკის კავშირებში. ავტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის კავშირებსა და მათ პერსონებს შორის მსგავსებებზეც წერს. ამბობს, რომ ციტატა : „ სააკაშვილი ახლა მუდმივად მომაბეზრებელი ოპოზიციონერია და მისი საუბარი რევოლუციაზე საქართველოში დესტრუქციულია და ანადგურებს უფრო რაციონალურ ოპოზიციურ ხმებს. ეს როლი ტრამპმა შეიძლება მალე მოირგოს აშშ-ში.“ აღნიშნავს ლინკოლნ მიტჩელი მის სტატიაში.
