"ის, რაც უნდა ხდებოდეს პარლამენტში, მისი ქუჩაში გადატანა არ შეიძლება..." - სოზარ სუბარი გადაცემაში "ღია ეთერში"
ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ყოველდღიურად ჟღერდება ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან: პროცესები არ უნდა იყოს ქუჩაში და პოლიტიკური პროცესები უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ქუჩაში მიტინგის თავისუფლება, უბრალოდ ის, რაც უნდა ხდებოდეს პარლამენტში, მისი ქუჩაში გადატანა არ შეიძლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმაიმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ძალიან საინტერესო ფრაზა გააჟღერა: ჩვენ ჩვენი ვუთხარით, მათ კი შემოგვთავაზეს, რომ პარლამენტში შედითო. ამაზე უფრო მკაფიოდ ვერავინ ვერავინ იტყოდა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისვე თქმით, თუ ოპოზიცია კარგად გაიაზრებს, რას სთავაზობს ხელისუფლება მათ, ბუნებრივია ეს შეთავაზება უკვე მაგიდაზე დევს. „ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ვეუბნებით, რომ გადავითვალოთ ყველა უბანი, ვნახოთ ყველა ვიდეოჩანაწერი. თუ აღმოჩნდება გადათვლებით, რომ ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას ნაკლები, შეიძლება მართლა დადგეს ლეგიტიმურობის საკითხი, მაგრამ ეს არ უნდათ. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რეალური შედეგი არის ის, რაც ცესკომ გამოაცხადა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
