მაიკ პომპეოს მთავარი მგზავნილები
მაიკ პომპეოს ვიზიტი და გზავნილები. სტრატეგიული პარტნიორები, საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ოკუპაცია, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა - ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ეს საკითხები იყო განხილული შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას. მაიკ პომპეომ ოფიციალური შეხვედრები დილიდან დაიწყო. სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და კათოლიკოს პატრიარქს, მოგვიანებით კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ის თბილისიდან ისრაელში გაემგზავრა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დროს რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. „რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა“, - ასე მიმართა გიორგი გახარიამ მაიკ პომპეოს. დღეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ითქვა ისიც, რომ ვაშინგტონისთვის საქართველო, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში მნიშვნელოვანია. დღესვე ოფიციცალური განცხადებები გაავრცელეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ. თავად მაიკ პომპეოს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
