ბრიფინგი "ქართული ოცნების" ბრიფინგი - ირაკლი კობახიძის განცხადება
გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლასა და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ტელედებატებში მონაწილეობა შესთავაზა. „ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მათივე მოთხოვნებშია ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტება და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.
