საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში - აცხადებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები
საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში- აცხადებენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები. ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე მივიდა საარჩევნო უბნებზე, რათა მათი ხმები იყოს გაგონილი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მეტყველებდა ამ არჩევნების მნიშვნელობაზე და ყველა ქართველის ძლიერ დემოკრატიულ ვალდებულებაზე, – განაცხადა ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, ელონა ჯებრეა ჰოჯამ. მან ხაზი გაუსვა საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფინელმა პარლამენტარმა, პია კაუმამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. მან მოუწოდა ჩართულ მხარეებს, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის.
