დავით ბაქრაძე გადაცემაში "არენა"
დავით ბაქრაძემ იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში მოიტანა. ამ თემაზე აშშ-ში საქართველოს ელჩმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. „ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმს, გაფორმდა საქართველოს თავდაცვითი ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ნატოში ინტეგრაციის პროცესს. 2017 წელს პირველად გაჩნდა აპროპრიაციის დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა ოკუპაციის ამღიარებელი ქვეყნების დაფინანსებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. 2016 წელთან შედარებით 87 მილიონიდან 133 მილიონამდე გაგვეზარდა ყოველწლიური დახმარება, მათ შორის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. გაგვეზარდა ინვესტიციები. მხოლოდ წელს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის პირობებში ძალიან შეზღუდული იყო ინვესტიციები, ჩვენ 30-მილიონიანი ინვესტიცია მივიღეთ ფოთის პორტის განვითარებისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დემოკრატიული განვითარებაა, რაშიც საქართველოს სწორედ ამერიკის დახმარება უწყობს ხელს. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი თანამშრომლობის სამომავლო განვითარებას ჩაუყრის საფუძველს. მაიკ პომპეო თბილისში დღეს ჩამოვიდა. ხვალ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
