ბრიფინგი "ქართული ოცნების" ოფისში - თეა წულუკიანის განცხადება
ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში რომლიმე პარტიამ აღარ მიიღოს მონაწილეობა.
„მეორე ტურზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამომრჩეველს, ვის მხარდამჭერადაც არ უნდა მოიაზრებოდეს, ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ, რა თქმა უნდა, იქნება 5-იანი, ხუთოსანი პარტია, იქ იქნება 41-ის, ანუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ან სხვა კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად გავიდა მეორე ადგილას. ამიტომ არჩევანის საშუალებას, რა თქმა უნდა, როგორც მანამდე უზრუნველყოფდა ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, მეორე ტურზეც, რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ არჩევანი.
