აზერბაიჯანმა სომხეთს კელბაჯარის რაიონიდან სამხედრო ნაწილების გასაყვანად დაწესებული ვადა 25 ნოემბრამდე გაუხანგრძლივა
აზერბაიჯანმა სომხეთს კელბაჯარის რაიონიდან სამხედრო ნაწილების გასაყვანად დაწესებული ვადა 25 ნოემბრამდე გაუხანგრძლივა. სამმხრივი შეთანხმებით, ტერიტორია სომხურ შენაერთებს 15 ნოემბერს უნდა დაეტოვებინათ, თუმცა კალბაჯარიდან ჯარების გაყვანის გაჭიანურება სომხურმა მხარემ იმით ახსნა, რომ სამხედროებს ტერიტორიის დასატოვებლად მხოლოდ ერთი გზა აქვთ. კელბაჯარს მასობრივად ტოვებენ ადგილობრივი მცხოვრებლები. მოსახლეობის ნაწილმა წინაპართა საფლავების ექსჰუმაციაც კი მოახდინა, ნაწილმა კი საცხოვრებელი სახლები დაწვა. ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას სომხეთის პრემიერი ერთი კვირის წინ დათანხმდა, რასაც ერევანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ოპოზიცია ფაშინიანს აზერბაიჯანთან კაპიტულაციაში სდებს ბრალს და მის გადადგომას მოითხოვს, რაზეც სომხეთის პრემიერი უარს ამბობს. ცნობილი ხდება ისიც, რომ თურქეთის პარლამენტი აზერბაიჯანში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საკითხს განიხილავს. მისიის შემადგენლობას და მისი მოქმედების ვადებს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.
