24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3120 შემთხვევა გამოვლინდა
დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს გამოვლენილი 3 120 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარა - 502, იმერეთი - 517, ქვემო ქართლი - 192, შიდა ქართლი - 126, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 332, კახეთი - 100, მცხეთა-მთიანეთი - 107, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 69 681-ს შეადგენს, ჯამში, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 52 169 -მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 599 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 2656 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4878 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3181 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
