სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას ცილისმწამებად აფასებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის, ივანე ბურდულის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას ცილისმწამებად აფასებს. „სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საგენტოს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება. არჩევნების პერიოდში გავრცელებულ ყველა ყალბ ინფორმაციაზე სააგენტოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება და ყოველდღიური კომუნიკაცია – გადამოწმდა ყველა ასეთი დეზინფორმაცია და დადასტურდა, რომ ყველა მათგანი იყო სიყალბე და წარმოადგენდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“. ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეუთო-ს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.
