საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
ომბუდსმენი მთავრობას, საარჩევნო ადმინისტრაციებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მოსახლეობას მიმართავს. ნინო ლომჯარია მოუწოდებს ყველას, დაიცვან კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად არსებული წესები. განცხადების თანახმად, უკანასკნელ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს არაერთი ადამიანი მიმართავს, რომელიც აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ვერ იღებს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას; გართულებულია კოვიდ 19-ის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაც. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, იზრუნოს პრევენციული ღონისძიებების აღსრულებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციას პროცესები გამჭვირვალედ წარმართოს და უზრუნველყოს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, ოპოზიციას, წესების დაცვით ჩაატაროს აქციები და მოსახლეობას გაითვალისწინონ სპეციალისტთა რეკომენდაციები.
