ეკატერინე ტიკარაძე: სოციალური დისტანცირება რჩება ყველაზე ეფექტურ იარაღად და შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის
ყველაზე საყურადღებოდ კვლავ ადამიანური რესურსი რჩება, რომელიც განსაზღვრული რაოდენობით გვყავს და ყველაზე კრიტიკული სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც, ამ ეტაპისთვის, გვეხმარება პაციენტების მართვაში. ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, რომელთა გადამზადებაშიც ჯანდაცვის სამინიტროს განათლების სამინისტრო დაეხმარა, რისთვისაც, მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ სტუდენტებს, რომელთაც მოხალისეობისთვის მზაობა გამოხატეს და უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩაერთნენ. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი იმ ორი ონლაინკლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს გამოხმაურება. ჩვენ, ჩვენი სპეციალური ბაზებით, რომლებიც რეგულირების სააგენტოშია, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მხრიდანაც არის მზაობა და ეს რესურსიც აქტიურადაა გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების დამატებითი მობილიზება მიმდინარეობს, რომლებიც შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობენ და პაციენტების მართვა შეუძლიათ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
