აქციები საოლქო კომისიებთან
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა ორი დღეა ხმაურისა და პროტესტის ფონზე იმართება. გვიან ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მონაწილეები ცესკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ და განმეორებითი კენჭიასყრას მოითხოვდნენ. ამას წინ უძღვოდა საპროტესტო აქციები ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც შეხლა-შემოხლის დროს პოლიციამ ოთხი ადამიანი, მათ შორის ზვიად კუპრავაც დააკავა. ის საოლქო კომისიაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ცდილობდა, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. დაკავებული კუპრავა მოგვიანებით გაათავისუფლეს. საპროტესტო აქციები საღამოს მთაწმინდის, ისნის და სამგორის საოლქო კომისიებთანაც გაიმართა.
