არჩევნები წინა ხელისუფლების პერიოდში
საპარლამენტო არჩევნებისადმი უნდობლობის გამოცხადების არგუმენტად ოპოზიცია, ძალადობრივ გარემოს, სავარაუდო მოსყიდვასა და ოქმებში არსებულ შეუსაბამობებს ასახელებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოქმების შედგენისას ტექნიკური შეცდომები სახელისუფლებო კანდიდატების საზიანოდაც არის დაშვებული, რაც თავისთავად მიზანმიმართულ გაყალბებას არ ნიშნავს. ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად საერთაშორისო გამოხმაურებები ცხადყობს, რომ მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბარი ზედმეტია. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ პირველად ანგარიშში ხაზგასმით ჩაწერა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით ჩატარდა. ამავე პოზიციას იზიარებს აშშ-ს საელჩო. ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კი ოპოზიციას პირდაპირ მიანიშნა, რომ არჩევნების მეორე დღესვე დემონსტრაციის გამართვა ამომრჩევლების ნების უპატივმცემულობაა. ანალიტიკოსების შეფასებით, მოსალოდნელიც იყო, რომ საერთშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ცნობდა, რადგან გაცილებით მძიმე დარღვევებით და ძალდობრივ გარემოში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაც კი არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა უმკაცრესი შეფასებები მისცეს, თუმცა იქვე განმარტეს, რომ არალეგიტიმურობაზე საუბარი გადაჭარბებულია. რაც შეეხება წინა ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ ბოლო, 2012 წლის არჩევნებს, ამ შემთხვევაშიც შეფასებები საკმაოდ მკაცრი იყო. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ საარჩევნო ყუთებს პირდაპირ სპეცდანიშნულების რაზმები იტაცებდნენ და უშიშროების სამსახურები ღიად იყვნენ ჩართულნი არჩევნების გაყალებებაში. ერთ-ერთი იყო ხაშურის ოლქი საიდანაც ხუთ უბანზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა და ზოგ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაიტაცეს.
