როგორ მიმდინარეობს არჩევნები ქვეყნის მასშტაბით - ბრიფინგი ცესკოში
10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქთ შესაძლებლობა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ მათი კონსტიტუციური უფლება და გააკეთონ არჩევანი. სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით ემსახურება ამომრჩევლებს. 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 8,33% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 587 ამომრჩეველია. ამ დროისთვის ყველაზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა 19-ე საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს მოიცავს და შეადგინა 11.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა აჭარის რეგიონში - (7, 3%) შემავალ 28-ე, 29-ე, 30-ე მაჟორიტარულ ოლქებში დაფიქსირდა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
