სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მე მივეცი ხმა, ისევე როგორც ყველა მოქალაქე მისცემს ხმას - თავისუფლად, მშვიდად. დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ, რათა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელზეც ყველანი ვოცნებობთ - ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ პანდემიის რთულ პირობებში. მიუხედავად იმისა, ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს უბნებზე. ყველა პირობა დაცულია. თქვენც დაიცავით დისტანცია და ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
