კახა კალაძე "ღია ეთერში"
ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ჩამოეყალიბონ სტერეოტიპი, თითქოს წარსულზე ლაპარაკი სირცხვილია. არც მე მიყვარს წარსულის გახსენება, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ ვისაუბრო მომავალზე და დაგეგმილ პროექტებზე, მაგრამ სანამ ეს პარტია ჯერ კიდევ შემორჩენილია პოლიტიკურ ველზე, მე, როგორც პოლიტიკოსს მაქვს უფლება, ვისაუბრო მათ წარსულ საქმიანობაზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. „მინდა გადავუხადო მადლობა ყველა ჩვენს მხარდამჭერს და ყველა ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან. მთლიანობაში წინასაარჩევნო კამპანია წარიმართა მშვიდ გარემოში და ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა მოსახლეობას და წარედგინა თავისი ხედვები. „ქართული ოცნება“ ჩასული იყო ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და განუმარტა, თუ როგორი საქართველოს ხედვა გვსურს უახლოეს წლებში. მინდა ასევე გამოვეხმაურო რამდენიმე რაიონში დაფიქსირებულ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს. ვემიჯნებით ძალადობას, ფიზიკური დაპირისპირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.
