გიორგი ვოლსკის წარდგენა
„31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დიდუბესა და ჩუღურეთში მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა. „სწორედ ასე, ერთმანეთზე ზრუნვით, ორ დღეში, მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, როგორია სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში. ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს. მეორე დღეს, პირველი ნოემბრიდან უნდა განვაგრძოთ ის პროექტები, რომლებზეც ყველა ერთად ვმუშაობთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ შეგვიძლია დღეები, თვეები ვკარგოთ ამ გაურკვეველ კინკლაობაზე, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის წინაშე - უმთავრესი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და ეკონომიკა, ამიტომ, იმ გეგმით და პროგრამით, რომელიც გვაქვს და რომელიც განხორციელდება უახლოესი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს რეგიონში ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ამას ექნება კონკრეტული შედეგები კონკრეტული პროექტების განხორციელებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, საქართველო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მინიმუმ 20 მლრდ ლარს დახარჯავს, რაც იმისთვის კეთდება, რომ ქვეყნის სხვადასხვა დაბასა და სოფელში თანაბარი პირობები ჰქონდეთ მოქალაქეებს. „ჰქონდეთ თანაბარი განათლება, თანაბარი ჯანდაცვა - ამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ეს 4 წელი მოგვცემს შესაძლებლობას, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე და ეს იქნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი. „არცერთი წამით არ უნდა დავივიწყოთ ოკუპაცია, საქართველოს სრული განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობებში, მაგრამ გონივრულად და მხოლოდ მშიდობით. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მთავრობა განაგრძობს ზრუნვას ღვაწლმოსილ მოხუცებზე, პენსიონერებზე.
