ამირან გამყრელიძის განცხადება
მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ, იმუშაონ ქოლცენტრებში, ექიმების ასისტენტებად, ექთნების ასისტენტებად. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მომავალ უმცროს კოლეგებს, რომ ისინი ამ ინიციატივას ენთუზიაზმით შეხვდნენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ქვეყანაში ექიმების დეფიციტი ნამდვილად არაა. საქართველოს ჰყავს დაახლოებით 31 ათასი ექიმი და 19 ათასი ექთანი, რომლებიც შეიძლება გამოიყენო პანდემიის დროს. ზოგიერთი მათგანი არ მუშაობს, ან პენსიაზეა. დიდი გადამზადება მათ არ დასჭირდებათ, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანისთვის 1-2 დღე იქნება საკმარისი, რომ გაეცნოს ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ. დაიწყო მეხუთე-მეექვსე კურსის სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტების გადამზადება და ეს კარგია. მოგეხსენებათ, 1600-მდე სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, ამიტომ მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ, იმუშაონ ქოლცენტრებში, ექიმების ასისტენტებად, ექთნების ასისტენტებად. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მომავალ უმცროს კოლეგებს, რომ ისინი ამ ინიციატივას ენთუზიაზმით შეხვდნენ. თითოეულ უნივერსიტეტს აქვს შემუშავებული კურიკულუმები, თუ როგორ უნდა გადაამზადოს სტუდენტები სწრაფად, რომ მათ ჰქონდეთ ელემენტარული ცოდნა კოვიდის მართვის შესახებ. ჩემი ინფორმაციით, სამედიცინო ფაკულტეტებზე, ერთ კურსზე ქვეყანაში ჯამში 1500-2000 სტუდენტი სწავლობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
