არჩევნებამდე სამი დღით ადრე, პრემიერი მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა
ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. „ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ასე, რომ ჩვენ ყველამ ერთად, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ საარჩევნო უბანზე დაცული იქნება ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული ეპიდემიოლოგების მიერ.
