პრემიერის სტატია "დეილი ტელეგრაფში"
„ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“ - ამ სათაურით, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სტატიას ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ დღეს, როგორც არასდროს დგას ერთიანი დასავლური ალიანსის აუცილებლობის საკითხი, რომელიც მოიცავს აშშ-ს, გაერთიანებულ სამეფოს და ევროპის ქვეყნებს და დადგება თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე. ამ კონტექსტში "ნატომ" სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი უნდა შეასრულოს. ევროპის თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ბრექსიტის შემდგომი ბრიტანეთი, მისი როლი და ვალდებულებები-ნათქვამია პუბლიკაციაში. როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, საქართველო არის "ნატოს" და დასავლეთის მთავარი მოკავშირე რეგიონში.პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს, გამომდინარე მისი უნარიდან, შეუძლია მხარდაჭერა გაუწიოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნებს, შეუძლია წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში ასევე ჩვენი საერთო მოწინააღმდეგეების შეკავების საქმეში.
