მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე განცხადებას გააკეთებს
გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება. „გვინდა დავიწყოთ მადლობით გმირი პოლიციელების მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა. გამორჩეულია სამხარეო პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას გმირული ქმედება, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაენაცვლა მძევლებს და უზრუნველყო მათი უვნებლად განთავისუფლება. მადლობა სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს, რომელიც ჩართული იყო სპეცოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებაში. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც სპეცოპერაციის დაგეგმვითა და ჩატარებით უზრუნველყო 43-ივე მძევლის ეტაპობრივი განთავისუფლება.
