ბრიფინგი "ქართული ოცნების" ოფისში - ირაკლი კობახიძის განცხადება
ამ ვითარებაში თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად, უვნებლად გათავისუფლებაა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთავარია სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მაროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა კობახიძემ. კობახიძემ თავდასხმის გაშუქებისას გარკვეული მედიასაშუალებების მიდგომაც გააკრიტიკა. „საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს. გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც ჩვენ დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.