მძევალმა თავდამსხმელის მოთხოვნები „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გააჟღერა
„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ჩაერთო, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა. როგორც კვარაცხელიამ პირდაპირ ეთერში თქვა, უმთავრესი მოთხოვნაა, სპეცრაზმი ბანკის პერიმეტრს მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შეჭრის ყველანაირი მცდელობა იქ მყოფებისთვის ფატალურად დასრულდება. „უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის სჭირდება“, - განაცხადა კვარაცხელიამ. ჟურნალისტის კითხვას, როდის იწურება 2 საათი, რომელიც ბოროტმოქმედმა სამართალდამცველებს მისცა, თავად თავდამსხმელმა უპასუხა, რომ ეს თავად პოლიციამ იცის. იმ შემთხვევაში კი თუ ეს პირობა არ შესრულდება, ის მძევლების დახოცვას დაიწყებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა.
