ეკატერინე ტიკარაძის ბრიფინგი
აჭარაში, ისევე როგორც მთელს ქვეყანაში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არსებობს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „ჩვენ აჭარაში საკმარისი რესურსი გვაქვს. იმ სასუნთქ აპარატებზე, რომელიც რეალურად სასუნთქი აპარატი არის, დეფიციტი საქართვლოში არ არსებობს, მათ შორის არ არსებობს არც აჭარაში. კოვიდ-პაციენტების სასუნთქი აპარატებით მართვა ეს არის უკიდურესი დაშვება, რომელსაც ჩვენი ექიმები იყენებენ, ვინაიდან მისი ეფექტი ყველაზე ნაკლები არის ამ ინფექციის მართვაში“, - განმარტა მინისტრმა. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ვებგვერდ StopCov-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
