ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში - ნათია მეზვრიშვილის განცხადება
კოვიდინფიცირებულები ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ბოლო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები დაისვა. „გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ასევე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები. ანუ ბინაზე მკურნალობა და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე ავადმყოფებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა“, - განმარტა მეზვრიშვილმა. „დღეიდან ამოქმედდა წესი, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის ფლობის შემთხვევაში კარანტინის ნაცვლად გადავლენ თვითიზოლაციაში. ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ ჩვენს თანამემამულეებს და არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
