დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება
დღეს 22:00 საათიდან მცხეთაში რესტორნები დაიკეტება, ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჩაკეტვის მექანიზმის ამოქმედება არ იგეგმება, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8 666, გარდაიცვალა 158 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6407 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ-სასტუმროში - 1420, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
