ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში - გიორგი გახარიას განცხადება
პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის თავზე ვირუსთან ბრძოლის უფრო კარგი საშუალება, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა, სამყარომ ვერ მოიგონა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის გამოცხადებიდან 8 თვის თავზე ვირუსთან ბრძოლის უფრო კარგი საშუალება, ვიდრე პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანაა, სამყარომ ვერ მოიგონა. ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალებები. პირბადის ტარება სავალდებულოა ქვეყანაში, დახურულ შენობებში და ეპიდემიოლოგების უკიდურესი რეკომენდაციაა, რომ პირბადე ღია სივრცეებშიც ვატაროთ. ეს არ არის რთული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მინიმუმ კიდევ ერთი წელი პირბადე იქნება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს და კერძო ორგანიზაციებს, დაიცვან ეს წესები. ეს განსაკუთრებით ეხება სავაჭრო დაწესებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და საქართველო სტატისტიკურად ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და არა უბრალო ციფრები. პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებისა და ხანდაზმულების ჯანმრთელობას. ეს ყველაზე დიდი რისკ-ჯგუფია. ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა განსხვავებულია, ჩვენ ხშირად 3-4 თაობა ვცხოვრობთ ერთად. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა გახარიამ.
