ბრიფინგი საგარეო საქმეთა სამინისტროში
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული რუკები და დოკუმენტები და დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე. ამის შესახებ მან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რაღაც ჩვენს მომავალ სტრატეგიასა და ტაქტიკას ეხება, საერთაშორისო დასკვნებთან დაკავშირებით სრულყოფილად ლაპარაკი უფრო დახურულ ფორმატშია რელევანტური, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტის დასახელება შეიძლება. ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო ექსპერტებს ამ რუკებისა და დოკუმენტების შეფასება და მათ ჰქონდათ გარკვეული რეკომენდაციები. მაგალითად, ამ შეფასებებში მკაფიოდ წერია, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე. საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართლის კუთხით ეს რუკა განსახილველია არა ცალკე აღებულად, არამედ როგორც 1:500 000 მასშტაბის რუკის მხარდამჭერ დოკუმენტად, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა სწორედ 1:200 000 მასშტაბის რუკას ეფუძნებოდეს, რომელიც 1938 წლის გადაწყვეტილების ოქმის დანართადაა წარმოდგენილი. ექსპერტების დასკვნებში ასევე აღნიშულია, რომ თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება არის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვართან დაკავშირებით უკანასკნელი ორმხრივი შეთანხმებაა, რომელიც დადასტურებულია 1996 წელს და საქართველოს ტერიტორიის საზღვრის დადგენისთვის საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს“, - განაცხადა დარსალიამ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
