თორნიკე რიჟვაძე: ბოლო ერთი თვე მძიმე და რთული იყო მთლიანად რეგიონისთვის და განსაკუთრებით ბათუმისთვის, თუმცა ვითარება სტაბილურდება
ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ვიმუშაოთ იმდენად ეფექტურად, რომ შევძლოთ ღირსეულად, მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ ეს ურთულესი პანდემიის პერიოდი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „ბოლო ერთი თვე მძიმე და რთული იყო მთლიანად რეგიონისთვის და განსაკუთრებით ბათუმისთვის. პრაქტიკულად ყოველდღე ჩვენ გვქონდა ინფიცირების სამნიშნა რიცხვი, თუმცა ჯანდაცვის სექტორმა, როგორც ადგილობრივმა ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერით შეძლო, რომ პაციენტების ეს მზარდი ნაკადები შესაბამისად ემართა. სიტუაცია სტაბილურდება, ვაკვირდებით პროცესებს და შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ინფიცირებულთა მკურნალობის მართვას, შესაბამისი პროტოკოლები სრულად არის ამოქმედებული, რაც გვაძლევს საშუალებას, მინიმალური ხარვეზებით სისტემურად იმართებოდეს პროცესები. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, ვიმუშაოთ იმდენად ეფექტურად, რომ შევძლოთ ღირსეულად, მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ ეს ურთულესი პერიოდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქალაქში არის სიმშვიდე, არ გვაქვს არანაირი პანიკის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობითა და ჩვენი ეფექტური მუშაობით ძალიან მალე დავამარცხებთ და გავუმკლავდებით ამ მნიშვნელოვან გამოწვევას“, - განაცხადა რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა მოქალაქის მხარდაჭერისთვის მაქსიმუმი გაკეთდება, როგორც ბანკებთან, ასევე მათ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით. „მიუხედავად მძიმე ეკონომიკური გამოწვევებისა, ჩვენ ყველა ამ მოქალაქისთვის, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პრობლემები და საკითხები, ინდივიდუალურ რეჟიმში, მათი მხარდაჭერის მიზნით, გავაკეთებთ მაქსიმუმს.
