დავით ხიდაშელი, რომლის სახელიც დავითგარეჯასთან დაკავშირებით გაისმა, საქართველოს მოქალაქეა და 1993 წლიდან შვეიცარიაში მუშაობს
დავით ხიდაშელი, რომლის სახელიც დავითგარეჯასთან დაკავშირებით გაისმა, საქართველოს მოქალაქეა და 1993 წლიდან შვეიცარიაში მუშაობს. "ქრონიკა" მას რამდენჯერმე ესაუბრა და მიიღო პირობა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გვექნება ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა. მისი პერსონა საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას დავით ზალკალიანის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემული მასალა იმ რუკებსაც მოიცავდა, რომელიც დავით ხიდაშელის მონაწილეობით არის მოძიებული და რომელიც სადავო ტერიტორიის კუთვნილების შესახებ უფრო მეტ სიცხადეს აჩენს. დავით ხიდაშელი 30 წელია ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობს და ევროკავშირის და მსოფლიოს 40 ქვეყანაში მრავალფეროვან ბიზნეს პროექტებს ხელმძღვანელობს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით. თუმცა კარტოგრაფია მისი პროფესიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ორგანიზაცია, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს, ასობით ათას რუკას ფლობს და წვდომა აქვს მრავალ კარტოგრაფიულ და ანალიტიკურ მასალაზე. შესაბამისად, მას ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციის თუ დანიშნულების რუკებზე. ეს გახლავთ შვეიცარიაში მდებარე პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრის რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტო. ხიდაშელი მისი დირექტორია. გარკევულ პერიოდში დავით ხიდაშელი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოშიც ახორციელებდა და მრავალ ასეულ ადამიანს ასაქმებდა. პანდემიისას სტოპკოვ ფონდისთვის მილიონ 200 ათასი ლარი გაიღო. არასდროს ყოფილა არც ერთი ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს გარდა.
