527 ინფიცირებული, 313 გამოჯანმრთელებული და 6 გარდაცვლილი. ქვეყნის უახლესი კოვიდსტატისტიკა
ამჟამად ყველაზე საშიში არის თბილისი და უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს. „ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ. დღეს კოვიდინფიცირების შემთხვევებიდან 179 თბილისში დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
