საქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის უმთავრესი საკითხი შეეხო იმ ახალ გარემოებებსა და რუკებს, რომელთა არსებობაც საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი. „ადრეც არაერთხელ განგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ამ რუკის ასლები ავთენტიკურად არ მიიჩნია. შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ. დღეს კი დადგა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტიკურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა“ -აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
