საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა 10,000-ს გადააჭარბა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა 10,000-ს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი კიდევ 472 ადამიანს დაუდასტურდა, 318 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5553 ადამიანი, გარდაიცვალა 66 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5574 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 1310, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
