ჟენევის ჩაშლილი მოლაპარაკებები
ჩაშლილი ჟენევის მოლაპარაკებები, ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთბრალდებების თემა ხდება. საქართველოს საგარეო დიპლომატიური უწყება მოსკოვს, მოლაპარაკებების ჩაშლაში ღიად ადანაშაულებს და ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯები სამშვიდობო პროცესს ძირს უთხრის. პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ჟენევა საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატია და ყველაფერი, რაც ამ პროცესის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ქვეყნისთვის კატეგორიულად მიუღებელია. საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ამ პრობლების გადაჭრას ხედავს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით და იმ საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც სიმართლე არის საქართველოს მხარეს, ვინაიდან რუსი სამხედროები იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიაზე და არა ჩვენი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის საგარეო უწყება კი მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო გაოცებულია. მარია ზახაროვა ამბობს, რომ კრიტიკა უსაფუძვლო და პოლიტიზირებულია.