კახა კალაძის ბრიფინგი
კახა კალაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ამ თემის პოლიტიზება დაუშვებელია. „ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხზე გამოძიება კონკრეტული მოხელეების, თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და ეს მხოლოდ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა. ყოველგვარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების გასაგონად ვიმეორებ- ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზება, მით უმეტეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მხოლოდ მათი ავტორების რეალური ანტისახელმწიფოებრივი მიზნების ლუსტრაცია იქნება და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად იქნება შეფასებული. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. ჩვენი ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კალაძემ. პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
