სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. სომხეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები ერთმანეთის სამხედრო ტექნიკისა და პოზიციების განადგურებაზე ახალ ინფორმაციას თითქმის საათში ერთხელ ავრცელებენ. ოფიციალური ერევანი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანის არმიის სამი ბრიგადა გაანადგურა. ოფიციალური ბაქო კი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის პოსტი დაიპყრო. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ასევე ირწმუნება, რომ სომხეთი განაგრძობს სოფლების მიმართულებით სროლას. საომარი დაპირისპირება მხარეებს შორის მე-11 დღეა გრძელდება. დაღუპულია ასობით სამხედრო, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციას ტრაგედიას უწოდებს ვლადიმერ პუტინი, თუმცა სომხეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი გარანტიას იძლევა, რომ თუ სომხეთზე სამხედრო იერიშს მიიტანენ, კრემლი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. აზერბაიჯანს კი სრულ მხარდაჭერას თურქეთი ჰპირდება.
