პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაცის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და კომისიის ერთ-ერთი წევრი დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაცია უწყებაში ჩატარებულ ბრიფინგზე გაჟღერდა. დაკავებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ი.მ. და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნ.ი. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებამ, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერების შესწავლა დაიწყო. საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა 60-მდე პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის საქართველოს ეროვნული არქივიდან, საჯარო რეესტრის, სასაზღვრო პოლიციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული ბიბლიოთეკიდან, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის კარტოგრაფიული მასალები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი: საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამოდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა. კერძოდ, 1938 წლის მარტში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რა მიზნითაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი. საქართველოს სამთავრობო კომისიის ერთ-ერთ წევრი და ამავდროულად ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ი. მ. და მასთან ერთად ამ პროცესს წარმართავდა კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნ. ი. ხსენებული პირები, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის განხორციელების მიზნებისათვის, ვალდებულნი იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, მოეხდინათ მათი შეჯერება, ანალიზი და მათ საფუძველზე შეედგინათ საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს შესაბამისი აუცილებელი საექსპერტო კვლევების ჩატარება და ასევე აღნიშნულ პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.
