მარნეულის გზაზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე პოლიციამ ოთხი მამაკაცი დააკავა
მარნეულის გზაზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე პოლიციამ ოთხი მამაკაცი დააკავა, მათგან სამი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. გამოძიების ინფორმაციით, მათ ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე "ქართული ოცნების" წევრის, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის მანქანას მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა დაუდგინეს, ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.