კორონავირუსი - თამარ გაბუნია გადაცემაში "არენა"
თენგიზ ცერცვაძის გუნდი მუშაობს იმ კვლევით პროცესში ჩართვაზე, რომელიც მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველო შეუერთდეს აქტიურ სამეცნიერო პროცესს კორონოვირუსის სამკურნალო მეთოდების შესაქმნელად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „საქართველო აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოში მიმდინარე კვლევებში, რომლებიც კორონავირუსის მკურნალობის მეთოდების დასადგენად ტარდება. დაწყებულია სოლიდარობის კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში „რემდესივირი“ შემოვა. ჩვენ ვმუშაობთ მომწოდებელთან, რათა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც და „რემდესივირი“ ერთადერთი საშუალება არაა. თენგიზ ცერცვაძის გუნდი ასევე მუშაობს იმ კვლევის პროცესში ჩართვაზე, რომელიც მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველო შეუერთდეს აქტიურ სამეცნიერო პროცესს კორონოვირუსის სამკურნალო მეთოდების შესაქმნელად. ეს არის შესაძლებლობა მძიმე და კრიტიკული პაციენტების გადასარჩენად და ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა გაბუნიამ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი, გარდაიცვალა 58 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
